ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა ფიქრობს, რომ 7-9 მარტის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების უკან არიან "უპასუხისმგებლო, ლაჩარი, მშიშარა" პოლიტიკოსები, რომლებმაც "შეცდომაში შეიყვანეს ახალგაზრდები, შემდეგ კი გვერდზე გადგნენ".
ზარქუას თქმით, მარტის აქციების დროს პოლიტიკოსებმა უბიძგეს ახალგაზრდებს, გადასულიყვნენ ძალადობაზე. ის ამბობს, რომ ყველა პოლიტიკოსი, ვინც იქნება გამოკვეთილი ამ დანაშაულების უკან, პასუხისგებაში მიეცემა.
"ჩვენ ამ აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ვხედავთ ლაჩრებს და მშიშრებს და არა ერთხელ გვინახავს, როდესაც ამოქოქეს, ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს და შემდეგ გვერდზე გადგნენ და მათზე წავიდა პასუხისმგებლობა. აი, იგივე სცენარია, განა რამე ახალია, ზუსტად ერთი-ერთში ჯდება ეს სცენარი. ის, ვინც ძიების შედეგად გამოიკვეთება, რომ ახალგაზრდებს უბიძგეს ამ ქმედებებისკენ, რომ ადამიანის უფლებები, პოლიციის უფლებები, თავისუფალი შეკრების პირობები დაერღვია და ძალადობაში გადაეყვანა, ბუნებრივია, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ეს, იქნება პასუხისგებაში მიცემული... ვინც იქნება გამოკვეთილი ამ დანაშაულის უკან, პოლიტიკოსი, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული", - ამბობს ზარქუა.
მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ზარქუა ამბობს, რომ "კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თუ დამტკიცდა დანაშაული, მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას".
"კიდევ ერთხელ ვამბობ, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, არავის გვაქვს უფლება მტკიცებით ფორმაში ვთქვათ. მაგრამ, კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორი - ახალგაზრდაც, ძველგაზრდაც, დეპუტატიც, არა დეპუტატიც, პრეზიდენტიც, არა პრეზიდენტიც და ყოფილი პრეზიდენტიც, ყველა. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ და თუ დაუმტკიცდა ამ ახალგაზრდას, რომ მან ეს ჩაიდინა, დანაშაული, მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ, ყველას გვექნება შესაძლებლობა კომენტარები გავაკეთოთ", - თქვა ზარქუამ.
მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.
29 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ერთი ადამიანი, რომელმაც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს. სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გრიგორიადის დაკავების შესახებ შსს-ის განცხადების შემდეგ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი".
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.